ისტორია გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც დროის განმავლობაში ავიწყდებათ, მაგრამ მათი საქმეები მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ფარი ხანუმ სოფიევა – პირველი მუსლიმი ქალი საქართველოს პარლამენტში. მისი შრომა, საზოგადოებრივი აქტივობა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს პოლიტიკური ისტორიის.
ფარი ხანუმ სოფიევა 1884 წელს დაიბადა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში. ის გაიზარდა მუსლიმურ თემში და ბავშვობიდან სწავლა და საზოგადოებრივი ცხოვრება აინტერესებდა. ამიტომ, პოლიტიკაში შესვლა გადაწყვიტა. 1918 წელს, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მან მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და 34 წლის ასაკში პარლამენტის წევრი გახდა. ეს ახალი რამ იყო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ მსოფლიოსთვის.
ფარი ხანუმი იყო პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი და აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს. მან მოახერხა, რომ სოფელში რკინიგზის სადგური აეშენებინათ. ასევე, ბანკიდან სესხი აიღო და ობოლი ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნა. მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როცა ქალებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა თითქმის არ ჰქონდათ. ამით მან აჩვენა, რომ ქალებსაც შეუძლიათ საზოგადოებაში ცვლილებების შეტანა.
კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფარი ხანუმის ცხოვრება მძიმე აღმოჩნდა. მათ ის „მდიდარ გლეხად“ გამოაცხადეს და ამის გამო ბევრი უსამართლობა გადაიტანა. მისი ძმები კი რეპრესიების დროს დაიღუპნენ. მიუხედავად ამ მძიმე მოვლენებისა, ფარი ხანუმი არ დანებდა. ის მთელი ცხოვრება მხარს უჭერდა ქართველ და მუსლიმ ქალებს, ეხმარებოდა მათ და ცდილობდა, რომ უფრო აქტიურები ყოფილიყვნენ საზოგადოებაში.
ფარი ხანუმ სოფიევა 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, მისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დღესაც გვახსოვს. ის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელმაც საქართველოს განვითარებასა და მუსლიმი და ქართველი ქალების უფლებების დაცვაში დიდი წვლილი შეიტანა.
ფარი ხანუმი გვაძლევს მაგალითს, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოტანა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მისი შრომა და თავდადება დღესაც გვასწავლის, რომ სიმამაცე და რწმენა წინსვლის მთავარი ძალაა.
ავტორი: სამირა ისმაილოვა