მრავალეთნიკურ ქალაქის, ტიფლისის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სომხური წარმოშობის მრავალმა მოქალაქემ. მათ შორის იყო ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი. იგი იყო წარმატებული მეწარმე, პირველი გილდიის ვაჭარი, ფილანტროპი. მისი სიმდიდრის წყაროს წარმოადგენდა ნავთობის საბადოების ფლობა ბაქოში. განათლება ჰქონდა მიღებული პეტერბურგში, პროფესიით იყო გეოლოგი.
მელიქ-აზარიანცი დაიბადა 1847 წელს, თბილისში. თბილისის ცენტრში „აზარიანცის სახლის“ სახელით ცნობილი ერთ-ერთი ულამაზესი მოდერნის შენობა, სწორედ მისი ინიციატივით და დაფინანსებით აშენდა 1911-1915 წლებში. შენობა დააპროექტა ნიკოლაი ობოლონსკიმ.
შენობაში განთავსებული იყო საცხოვრებელი ფართები და სხვადასხვა ობიექტები. შენობას ქონდა წყალმომარაგება, გათბობა, სატელეფონო ქსელი, გალერეა, ბავშვთა პანსიონი, ფოტოსალონი. საცხოვრებელ ფართებს ძირითადად რუსი საჯარო მოხელეები ქირაობდნენ.
ცნობილია, რომ აზარიანცი აქტიურად იყო ჩართული სქველმოქმედო საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა „კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას“. საზოგადოება ქალაქში მსვლელობას აწყობდა წელიწადში ერთხელ და დუქნებიდან და მაღაზიებიდან აგროვებდა თანხებს სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებისთვის. მობილიზებული თანხები ძირითადად სკოლების, ბავშვთა სახლების, ბიბლიოთეკების, კლინიკების დასახმარებლად იხარჯებოდა.
საქველმოქმედო საზოგადოებას სამხრეთ კავკასიის ქალაქებში რამდენიმე ფილიალი ქონდა: თელავში, გორში, ბათუმში, ერევანში, ნახიჭევანში.
1920 წელს გორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებამ აზარიანცის ხელმძღვანელობით დიდი დახმარება გაუწია, შეაგროვა 300 000 რუბლი.
მელიქ-აზარიანცმა ასევე მნიშვნელოვანი თანხა შესწირა სვეტიცხოვლის ტაძრის რესტავრაციისთვის.
1921 წლიდან, როდესაც საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა, აზარიანცი, სხვა მდიდარი მეწარმეების მსგავსად, რეჟიმისთვის მიუღებელი გახდა. ბოლშევიკებმა აზარიანცს ჩამოართვეს მთელი ქონება, რის შემდეგაც ის ორი წლის შემდეგ, 1923 წელს, სიღარიბეში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვერის ძველ სასაფლაოზე.
მელიქ-აზარიანცის საქმიანობა ისტორიაში დარჩა როგორც პროგრესის, სიკეთის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის სიმბოლო.
ავტორი: მაკა ხუციშვილი
ახალგაზრდა მკლვლევარი, ისტორიკოსი
ვარშავის უნივერსიტეტი